არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას სააპელაციო სასამართლოს ეზოში მართავენ. 12 ჭრილობა, არც ერთი მკვლელი! ნუ წაახალისებ ძალადობას! ვინ მოკლა სარალიძე! დაუსჯელობა კლავს! - აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოსთან ამ შინაარსის ტრანსფარანტები მიიტანეს. აქციაზე იმყოფება მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძეც.
დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 7:00 საათზე გაიმართება. არ არის გამორიცხული, რომ დღესვე განაჩენიც გამოცხადდეს. დღევანდელი აქციაც გამაფრთხილებელი ხასიათისაა.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვენ.
აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული. მათ შორის არიან: „კონსტიტუციის 42 -ე მუხლი“,“ ახალგაზრდა იურისტები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.