17 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
გორში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასა და ლევან დავითაშვილს შორის მიმდინარე შეხვედრა ჩაიშალა

გორში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასა და ლევან დავითაშვილს შორის მიმდინარე შეხვედრა ჩაიშალა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ზარალის ანაზღაურების პირობა ვერ მისცა. სწორედ ამან გამოიწვია მოსახლეობის პროტესტი და მათ კულტურის სახლის შენობა დატოვეს.

მინისტრმა შეხვედრის დროს ადგილობრივებს შეთავაზა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები დააყენონ, რათა მომავალში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის თავიდან აცილება მოხდეს.

მოსახლეობისთვის ლევან დავითაშვილის წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა და მათ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა დღეს დილიდან აქციას მართავს და სტიქიის შემდეგაც მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ დიდი ზარალი მიადგათ სტიქიის შემდეგ, თუმცა ხელისუფლება მათი მდგომარეობით არ დაინტერესებულა.

მოსახლეობამ ავტომაგისტრალზე მას შემდეგ გადმოინაცვლა და გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა, რაც ადგილობრივ მერიასთან აქცია გამართეს და დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღეს.

ავტომაგისტრალზე ასევე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობის სამართალდამცავები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდანაც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს, თბილისისკენ გამოემართებიან და აქციას დედაქალაქში გამართავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები