ჩიჩხიტურის კოშკს კვლავაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ, იქამდე მისასვლელი გზა კი ისევ ჩაკეტილია. სადაო ტერიტორიის თავზე დღეს რამდენჯერმე აზერბაიჯანული სამხედრო ვერტმფრენიც გამოჩნდა.
წინააღმდეგობების მიუხედავად, დღეს „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა ჩიჩხიტურის კოშკთან მიახლოება მაინც მოახერხა. დღეს, გზის მშენებლობის სამუშაოები აღარ გაგრძელებულა, თუმცა დილიდან, აღდგომის ტაძარსა და ჩიჩხიტურის კოშკთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია.
ქართველი მესაზღვრეების თქმით, გადაწყვეტილება მიმდინარე მოლაპარაკებას უკავშირდება.
„დილის 08:00 საათიდან აქ ვიყავით, ჩიჩხიტურის კოშკში ასასვლელიც დაკეტილი იყო. უდაბნოს ტაძარში ასასვლელიც დაკეტილია იმის გამო, რომ დღეს მესაზღვრეებთან საუბრიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის მხრიდან კომისიის წევრები უნდა მოვიდნენ და მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს. დღეს მთელი დღეა აქ ვართ, არც ერთი მხარე არ გახსნილა, ორივე დაკეტილია და ხვალისთვის, დილიდან იგეგმება მშვიდობიანი აქცია. კარგა ხანია დაანონსებული აქვს აზერბაიჯანის მხარეს, რომ 28-ში თავის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აქ ტრანსპარანტებით, დროშებით უნდა დააფიქსირონ, რომ ვითომ ეს არის თავიანთი ტერიტორია რა და ფაქტია, რომ არ დავუთმობთ არავის, მნიშვნელობა არ აქვს, აზერბაიჯანი იქნება თუ რომელი მხარე იქნება, ჩვენს ქართულ მიწას, თუნდაც ერთ გოჯს“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშიას” წევრმა, დემურ ნიჟარაძემ.
ხვალ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. ადგილზე საქართველოს უამრავი მოქალაქე გეგმავს ასვლას და საკუთარი პროტესტის ხმამაღლა დაფიქსირებას.
პარალელურად, როგორც უკვე ცნობილია, ხვალ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას, ზერბაიჯანელი სტუდენტები დავით გარეჯში აპირებენ. ისინი გეგმავენ ჩიჩხიტურის კოშკთან მისვლას.