გორში, სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად, მთავარი სატრანსპორტო არტერიის გადაკეტვა სცადა. ისინი სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.
პროტესტის ამ ზომას ფერმერებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც სოფლის მეურნეობის მინისტრთან ხმაურიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის დაწყებიდან 15 წუთში, სოფლის მეურნეობის მინისტრი გორის კულტურის სახლში თითქმის მარტო დარჩა. სავსე დარბაზი გაბრაზებულმა გლეხებმა პროტესტით ნიშნად შეძახილებით დატოვეს და შეხვედრა ჩაშალეს.
ლევან დავითაშვილი გლეხების დარწმუნებას ცდილობდა, პროტესტი შეეწყვიტათ, სანაცვლოდ კი კომისიის შექმნას და სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობების დამონტაჟებას დაჰპირდა. არაფრისმთქმელი სიტყვების გამო, ხალხი მინისტრს დაუპირისპირდა. გლეხები სტიქიამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა და საბანკო კრედიტების წინაშე მარტო აღმოჩნდნენ. ხალხს მოსავალი გაუნადგურდა, პროდუქციას ვეღარ გაყიდიან, შესაბამისად, ვეღარც კრედიტს გადაიხდიან და გამოსახლება ემუქრებათ.
მინისტრთან შეხვედრამდე გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის მოსახლეობამ თბილისი- გორის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სამჯერ სცადა, თუმცა სამივეჯერ უშედეგოდ. ცენტრალურ მაგისტრალზე უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცველი იყო მობილიზებული. მათ შორის იყვნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც.
ხვალ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მცირე ჯგუფს სასაუბროდ სოფლის მინისტრი ისევ შეხვდება. დაზარალებული გლეხები ამბობენ, რომ თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს, ისინი თბილისისკენ კოლონებად გამოემართებიან.