17 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
„მამები სიმართლისათვის“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისში და თბილისში საპროტესტო აქციების ახალ ტალღას აანონსებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისში და თბილისში საპროტესტო აქციების ახალ ტალღას აანონსებს. ის ერთი წელია, პარლამენტთან კარავში ცხოვრობს. მამა, მოკლული 19 წლის თემირლანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად და სიმართლის დასადგენად იბრძვის.

მან პროტესტი, მოკლული, დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად დაიწყო. „მამები სიმართლისათვის“ - ამ მოწოდებით, ათენებენ და აღამებენ ისინი დღეებს კარვებში. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში თავადაც გახდა შანტაჟისა და პროვოკაციების მსხვერპლი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საკუთარ საწოლში მოკლული, მისი ერთადერთი ვაჟი, უდანაშაულოა. ასევე დარწმუნებულია, რომ სპეცოპერაციის დროს, პანკისის ხეობაში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი იმყოფებოდა და ხელყუმბარაც თემირლანის ოთახში სწორედ მისი ბრძანებით დადეს. 

მედიკო მარგოშვილი ამ დრომდე ელის პასუხს, რატომ მოუკლეს ერთადერთი ვაჟი.  შვილმოკლულ დედას კარგად ახსოვს, რომ იმ საბედისწერო დღეს სოსო გოგაშვილი პანკისში ნახა.

მას შემდეგ, სოსო გოგაშვილთან შეხვედრას ოჯახი უშედეგოდ ითხოვს. პანკისის სპეცოპერაციაზე სოსო გოგაშვილი დაკითხულიც რომ არ არის, ეს მან „შაბათის კურიერში“ აღიარა.

გამოძიების გაჭიანურებაზე საუბრობს სახალხო დამცველი. შვილმოკლულმა მშობლებმა, ერთი წლის წინ დაწყებული ბრძოლა, დღეს მდუმარე აქციით აღნიშნეს. მათ მხარდასაჭერად პარლამენტთან სანდრა ელისაბედ რულოვსიც იყო მისული.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები