დავით გარეჯის ლავრიდან ჩიჩხიტური კოშკამდე მსვლელობა ათასობით ადამიანმა გამართა. ადგილზე სასულიერო პირები და მომლოცველები 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ. სამღვდელოების პოზიცია მოკლე და კატეგორიულია, ისინი ამბობენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აქ სადაო არაფერია.
„ხშირად ეს ადგილი მომლოცველებისთვის დაკეტილი არის, აზერბაიჯანული მხარე ჩიჩხიტურსაც და უდაბნოს მონასტერსაც კეტავს ხოლმე. ეს არის უძველესი ქართული წმინდა ადგილი,ამ ადგილზე ეწამა 6000 გარეჯელი ბერი და მიუღებელია ამ ადგილზე წვდომა არ იყოს,“-ამბობს ფიტარეთის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ექვთიმე.
დავით გარეჯში ჩასული ადამიანები, საქართველოს დროშებით ხელში, ჩიჩხიტურის მაღლობზე ავიდნენ და ისტორიულ კოშკის გარშემო ერთად დადგნენ.
აქცია-მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობას გეგმავდნენ.
თუმცა, დღეს აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯის სიახლოვეს არ გამოჩენილან. აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. აქციის მონაწილეები დავით გარეჯში დარჩენას დღის ბოლომდე აპირებდნენ, თუმცა პატრიარქის მოწოდებით, მათ აქცია ჩიჩხიტურის კოშკთან ჯაჭვის შეკვრით დაასრულეს.