17 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
ემოციები არ უნდა გახდეს საბაბი, რომ ორ ქვეყანას შორის დაიძაბოს ვითარება - დარსალია გარეჯის საკითხზე პარლამენტში მისასვლელად მზად არის 

ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ახსნა-განმარტებისთვის პარლამენტში იბარებს. სწორედ ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს. დეპუტატებს აინტერესებთ, რა საკითხზე აწარმოებს საქართველო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას და კონკრეტულად რა რაზე ვერ ხერხდება შეთანხმება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოპოზიციის მოთხოვნას უკვე გამოეხმაურა. ლაშა დარსალია მზად არის ოპოზიციის ყველა შეკითხვას უპასუხოს. მისი თქმით, გარეჯის თემა ყველასთვის სენსიტიური საკითხია, თუმცა ის ემოციები, რაც მასთან არის დაკავშირებული არ უნდა გახდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის საბაბი.

„რა თქმა უნდა ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მათშორის საქართველოს პარლამენტთანაც. თუ იქნება პარლამენტში შეხვედრები, ჩვენ სიამოვნებით გავაცნობთ დეპუტატებს ნებისმიერ ინფორმაციას დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით. კომისია, როგორც მოგეხსენებათ წინა კვირას შეიკრიბა. შემდგომი შეკრება იქნება დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში. მანამდე არის ჩასატარებელი გარკვეული ტიპის სამუშაოები. მათშორის საველე სამუშაოები. სამუშაოა დოკუმენტებთან. ერთობლივი შეხვედრები იქნება ექსპერტების დონეზე. მე მესმის ის ემოციები რაც ადამიანებს გააჩნიათ. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია ჩვენი საზოგადოების. ჩვენ ყველას გაგვაჩნია დიდი ემოციები. თუმცა ემოციები არ უნდა გახდეს არც საბაბი და არც მიზეზი იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის დაიძაბოს ვითარება. მე ვფიქრობ, რომ ვითარება მშვიდად ჩაივლის როგორც არის ამ ეტაპამდე,“-განაცხადა ლაშა დარსალიამ. 

დღის ამბები