„გარეჯი საქართველოა!“ - ამ სახელწოდების აქციაზე ასეულობით ადამიანი მივიდა. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დავით გარეჯში გაიმართა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიების დაცვას ცდილობენ. მათ თქმით, რეალური საფრთხე დგას იმის, რომ საქართველომ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია დაკარგოს.
სწორედ ამიტომ, მოქალაქეები დავით გარეჯში მივიდნენ და ცოცხალი ჯაჭვიც გააკეთეს. ისინი აღდგომის ტაძარშიც ავიდნენ და ჩიჩხიტურის მონასტრისკენ მსვლელობით გაემართნენ.
„გვართმევენ ტერიტორიებს და კიდევ ჩვენი ჯარი შემოხვეულია და იცავს იმათ მესაზღვრეებს ჩვენგან? ეს თუ ჩვენი ტერიტორიაა, ვერ ვიგებ, რატომ დგას იმათი ჯარი აქ, თუ არა, ე.ი. არის ისევ სადაო და გადასაწყვეტი. რატომ გვასულელებენ, მოგვიყვანეს ამდენი ხალხი და მამაო გვეუბნება, არაფერი არ არის, გახსნილია, თუ პრობლემა არ გვაქვს, რატომ ატყდა ეს ამბავი. ხელისუფლება უნდა ჩაერიოს, ჩვენ და ეს უბრალო მესაზღვრეები ვერაფერს ვერ მოვაგვარებთ. ხელისუფლებისგან რაიმე კონკრეტული განცხადება თქვენ მოისმინეთ, ჩვენ ვერა, მოსახლეობამ. ძალიან ბევრი ბერკეტიო აქვს ჩვენს ხელისუფლებას, რომ აიძულოს აზერბაიჯანი, წამოვიდეს დათმობაზე და თავი დაანებოს ჩვენს ტერიტორიებს... მე აქ ვერც ხელისუფლების წარმომადგენლებს ვხედავ და ვერც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
აქციაზე იმყოფება თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც. მისი თქმით, საკუთარი ტრაგედიისა და ტკივილის მიუხედავად, ქართველი ხალხის გვერდში იდგება.
„მე საქართველოს შვილი ვარ, სადაც ქართველი ხალხია, იქ უნდა ვიყო. კი მართალია, მე ჩემი ბრძოლა მაქვს, ჩემი ტკივილიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ქართველი ადამიანი. საფრთხის წინაშე დავით გარეჯი არ იქნება, სანამ იქნებიან ასეთი ადამიანები და პლუს ამას კიდევ, აქ ამ ადამიანებს კი არ უნდა უწევდეთ დაცვა დავით გარეჯის, ეს დავით გარეჯია, ეს საქართველოა, ხელისუფლებაში უნდა იცოდნენ, რომ ეს ხალხი ამ დღეში არ ჩაყარონ და სისხლითაც, ღონითაც, სიძლიერითაც რომ დაიცვან ეს ტერიტორია,“ - განაცხადა დავით მაჩალიკაშვილმა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს ვერ დგამს და რჩება შთაბეჭდილება, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიას საქართველოს მთავრობა თმობს.
„ეს არის რეაქცია ქართველი საზოგადოების იმ საფრთხეებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ დავით გარეჯის მიმართ. ჩვენ გვეშინია იმის, რომ დავით გარეჯი ითმობა. რომ ის ზეწოლა, რომელსაც ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე ჩვენი ხელისუფლების მიმართ, არის ძალიან დიდი და ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ უძლებს. ამიტომ, მოქალაქეები აქ შევიკრიბეთ,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.
მასშტაბური მსვლელობა აღდგომის ტაძრიდან დაიწყო. დავით გარეჯის დასაცავად საქართველოს ასობით მოქალაქე გაერთიანდა.
სამონასტრო კომპლექსის მოსალოცად დღეს გარეჯში მრევლთან ერთად სასულიერო პირები საქართველოს 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ.