თელასის ოფისთან კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მათ სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების განმარტებით, თელასის ხელმძღვანელობა მათზე ზეწოლას ახდენს. ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაცია აიძულებს მათ, ხელი მოაწერონ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას.
კომპანიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებენ.
„ვთხოვ კომპანიას, ეს ჩვენი თხოვნა გაითვალისწინოს - დაგვტოვოს. გაიღოს ცოტა იმდენი, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ამ მინიმალური ხელფასით და არა შემცირებით, გაშვებით მთლიანად 45 თანამშრომლის, რომლებიც 20-25 წელი უვადო შტატით ვემსახურებოდით ხელშეკრულებით კომპანიას. დღეს ერთი ხელის მოსმით ქუჩაში გვყრიან. ეს არის ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, ცირა ქარელიშვილმა.
თელასში აცხადებენ, რომ დასუფთავების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ამ მომსახურების აუთსორსინგზე, ანუ გარერესურსზე გადადის. კომპანიაში განმარტავენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულები კომპენსაციასაც მიიღებენ.