17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
„პარალელურ რეალობაში ცხოვრობს ე.წ. ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ და მეორე რეალობაში ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე“ - გრიგოლ ვაშაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე და გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბადრი ბასიშვილი, სოფელ ტირძნისში სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოსავალი სეტყვამ სრულად გაანადგურა და შესაბამისად, ერთადერთი საარსებო წყაროს გარეშე არიან დარჩენილები.

„როცა იყო არჩევნები, მივეცით ხმა, მოვიყვანეთ ხელისუფლებაში იმის გულისთვის, რომ ხალხს რაღაცა შვება ეგრძნო. ხალხი ამას ვერ გრძნობს. რისი ხელისუფალნი არიან და რად უნდათ ეს ქვეყანა, თუ ხალხი არ ეყოლებათ. აბა, მაშინ ხვალ დაიწყოს არჩევნები, თუ ბიუჯეტში ფული არ გაუჩნდებათ,“ - განაცხადა ტირძნისი მცხოვრებელმა გულნარი მძინარიშვილმა.

გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, სეტყვით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის სახით გარკვეული თანხა გამოყოს. მისი განცხადებით, ხელისუფლება, საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, სხვა რეალობაში ცხოვრობს.

„სეტყვა როდის არ ყოფილა საქართველოში? ყოველთვის იყო, მაგრამ ასეთი, რომ მთლიანად გაენადგურებინა მოსავალი, მთლიანად გაენადგურებინა ხეხილის ბაღები და ბოსტნეული, მართლა ძნელი გასახსენებელია და აბსოლუტურად არ იცის ამ ხალხმა, რა უნდა ქნან. როგორ უნდა გადაიტანონ ეს ზამთარი, როგორ უნდა დააბრუნონ აღებული კრედიტები, ხუთჯერ თუ მეტჯერ აქვს ზოგიერთს თავისი ბაღები შეწამლული. პარალელურ რეალობაში ცხოვრობს ე.წ. ხელისუფლება და ქართული ოცნება და მეორე რეალობაში ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები