"ყველა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ეს იყო უაღრესად გაწონასწორებული განცხადება" - ასე შეაფასა პროტოპრესვიტერმა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა დავით გარეჯთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადება.
ილია მეორე საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოუწოდებს, სამართლიანობის დასადგენად ინტენსიური მოლაპარაკებები წარმართონ.
გიორგი ზვიადაძის თქმით, ყველა მხარის მიერ ილია მეორის მოსაზრება დადებითად შეფასდა.
„გუშინ გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება, რომელიც უაღრესად დადებითად იქნა აღქმული, როგორც აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის ხელისუფლების, საზოგადოების, ხალხის მიერ, ასევე საქართველოში. ყველა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ეს იყო უაღრესად გაწონასწორებული განცხადება იმ ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც არსებობს აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას, აზერბაიჯანელ ხალხსა და საქართველოს მოსახლეობას შორის,“ - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.