EMC საქართველოს წინააღმდეგ - "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა," ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია კონვენციის ორი მუხლის სავარაუდო დარღვევას აპროტესტებს - საუბარია, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობასა და დისკრიმინაციაზე. EMC-ში ამბობენ, რომ 2014 წლის სექტემბრიდან, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და რელიგიური ნიშნით დევნის გამო, მუსლიმი თემი ვერ ახერხებს მოსწავლეების პანსიონატის გახსნას. მათი თქმით, პრობლემის მოგვარება კი სახელმწიფომ დღემდე ვერ უზრუნველყო.
„პანსიონატს დღემდე არ აქვს შესაძლებლობა, რომ გაიხსნას და მუსლიმი თემი განიცდის მუდმივ დევნას. გამოძიება არ დაწყებულა შს სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლო უმოქმედობასთან დაკავშირებით.
გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ ვიწრო კუთხით, რომელშიც გამოკვეთილი არ არის არც დისკრიმინაციული მოტივი არც მსხვერპლები არიან ცნობილი საქმეში დაზარალებულ პირებად. შესაბამისად ამ ხარვეზების გამო გახდა საჭირო,რომ მიგვემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის,“-ამბობს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, თამარ სამხარაძე.