ელჩინ მამედოვის მკვლელობის საქმის მასალები საქართველოს პროკურატურამ რუსულ მხარეს გადაუგზავნა, თბილისის საქალაქო სასამართლო კი საქმის არსებით განხილვას აჭიანურებს - ეს განცხადება, მამედოვის ადვოკატებმა გააკეთეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმის განხილვა საქართველოში უნდა გაგრძელდეს, სწორედ ამიტომ საქმის მასალების დედნები მოსკოვში არ უნდა გაგზავნილიყო.
„უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა. ქართულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის წერილი და საქმის დედნები გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას შემდგომში რუსეთის ფედერაციაში გადაგზავნის მიზნით. დაცვის მხარე სვამს ლოგიკურ და ბუნებრივ შეკითხვას, რამდენად იყო სასამართლო კომპეტენტური, რომ ეთანამშრომლა ჯერ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და მისთვის გადაეგზავნა საქმის მასალების დედნები და რამდენად იყო სასამართლოს კომპეტენტური ორგანო, რომ საქმის დედნები გადაეგზავნა რუსეთის ფედერაციაში,“- განაცხადა ადვოკატმა ნიკოლოზ სადრაძემ.
კრიმინალური ავტორიტეტი ელჩინ მამედოვი 2 წლის წინ, ორთაჭალაში ნაქირავებ ავტომობილში ჩაცხრილეს. მოგვიანებით მკვლელობის ბრალდებით 2 პირი რუსეთში დააკავეს.