ბარსელონაში, ერთ-ერთი სკოლის შენობასთან ამ წუთებში, პოლიციაა მობილიზებული, სადაც თავშესაფრის მოლოდინში მყოფი ქართველები ცხოვრობენ. მათ შორის არიან ბავშვებიც. „კურიერის“ ინფორმაციით, ერთი ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მასთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
პოლიციამ მათ ტელეფონები ჩამოართვა და ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევს. ოჯახების ნაწილი თავშესაფრის მოლოდინშია, ნაწილი კი სკოლაში იმ მიზეზით ცხოვრობს, რომ მათ ბინის ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ.
არ არის გამორიცხული, საქართველოს მოქალაქეების ნაწილის ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდეს. ამ დროისთვის ქართველებს საკონსულოს წარმომადგენლები არ დაჰკავშირებიან.
„პოლიციის ალყა იყო და განუცხადეს იქ მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც თავს აფარებდნენ ამ სკოლის შენობას, რომ შენობა უნდა დაეტოვებინათ. ამ წუთამდე, ისინი ემზადებოდნენ და ბარგს ამზადებდნენ, ბოლომდე არავის არ სჯეროდა, რომ მართლა ასე გაწირავდნენ, მაგრამ ახლა ვესაუბრე სოციალურ მუშაკებს და მითხრეს, რომ ამ ოჯახებს, ვისაც განაცხადი აქვთ შეტანილი წითელ ჯვარში, თუ რომელიმე სოციალურ ორგანიზაციაში, გადაანაწილებენ იმ დაწესებულებებში, სადაც სოციალურად მიუსაფარი ოჯახები არიან გადანაწილებული. ვისაც არ აქვს არანაირი განაცხადი წარდგენილი, მათ არ ვიცი, გაუშვებენ და ალბათ თვითონ მოძებნიან რამეს...ერთი ქალბატონი ცუდად არის და სასწრაფოს გამოუძახეს. დაახლოებით 20-მდე ბავშვია და მაქსიმუმ 10 ოჯახი იქნება“ - განაცხადა ესპანეთში ორგანიზაცია ”ემიგრანტების სახლის” დამფუძნებელმა, დიანა ციხისთავმა.