ხელისუფლების შავი ლაქა და ტესტი სამართალდამცველი ორგანოებისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფგან მუხთარლის გატაცებიდან ორი წლის თავზე საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ საქმის სტრატეგიული მნიშვნელობა ვერ გააცნობიერა. მიქელაძე მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.
„აფგან მუხთარლის საქმე გახდა ერთის მხრივ ტესტი სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ თავად ჩვენი დემოკრატიის ტესტი. ცხადია, თუ სახელმწიფო ამ საქმის სტრატეგიულ მნიშვნელობას და უფლების დარღვევის ძალიან მძიმე ხარისხს იზიარებს. მაშინ მან ბუნებრივია,რომ საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი კიდევ ერთხელ უნდა დააბრუნოს დღის წესრიგში თუმცა მე ამ პოლიტიკურ ნებას და რესურსს ვერ ვხედავ,"-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე. მისი თქმით, ეს საქმე ხელისუფლებას შავ ლაქას იქამდე გაჰყვება, ვიდრე საქმე გამოძიებული არ იქნება.
„აფგან მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად გაჰყვება სანამ ამ საქმეზე გამოძიება არ იქნება მიყვანილი ბოლომდე. უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ვინაიდან ჩვენ მაღალი რეზონანსული საქმის შესახებ პრაქტიკულად არაფერი გაგვიგია ახალი გამოძიების მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საგამოძიებო ორგანოები რამდენად კანონთან შესაბამისად მოქმედებდნენ ამ პროცესში,“-აცხადებს სულხან სალაძე.