გარდაბნის რაიონის სოფლებში სტიქიამ გადაუარა. ყველაზე რთული ვითარება ამ დრომდე სოფელ ლემშვენიერაში რჩება. სოფელში სადაც სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, განადგურებულია ყველაფერი. ადგილობრივებს სტიქიამ მსხვილფეხა რქოსანი და ფრინველები დაუხოცა. დატბორილია სახლების პირველი სართულები, განადგურებულია საოჯახო ტექნიკა, წყალმა დაფარა ავტომობილებიც.
სოფელში რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო ელექტროენერგია. მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „კურიერის“ ეთერში გასული ინფორმაციის შემდეგ ჩავიდნენ. მერიის წარმომადგენელი კურიერის გადამღებ ჯგუფს არწმუნებდა, რომ ადგილზე არაფერი ხდება და ოჯახების დატბორვაც პრობლემა არ არის. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ გორის რაიონის სოფელ ქერეშიც.
გუშინ მათ სოფლის მეურნეობის მინისტრი და შიდა ქართის გუბერნატორი შეხვდნენ და ჰექტარზე 200 ლარიან დახმარებას დაჰპირდნენ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას არასაკმარისად მიაჩნია. იმ შემთხვევაში თუ უახლოეს დღებში ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მოსახლეობა მასშტაბურ აქციებს აანონსებს.
ძლიერი ნალექი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის გარდა - კახეთსა და სამცხე-ჯავახეთშიც მოვიდა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში განადგურებულია ხორბლისა და კარტოფილის ბაღების 2000 ჰექტარზე მეტი. კახეთში სტიქიამ პრობლემები ყვარელს შეუქმნა. აქ ვენახები, ხეხილის ბაღები, ერთ წლიანი კულტურები და ნარგავები დასეტყვა.