ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნებს ბოლო თვეების განმავლობაში საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებ, მიზერულ ანაზღაურებაზე უწევთ მუშაობა. კარდიოლოგიური განყოფილების 11 ექთანი თვეში 30 ლარს იღებს. სამი, დღის განმავლობაში მუშაობს, დანარჩენი კი ღამით მორიგეობს. მათი თქმით, 100 ლარიც კი მათთვის საოცნებო ხელფასია.
ბათუმის ერთადერთ სახელმწიფო საავადმყოფოში ექთნების ხელფასი პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. კლინიკაში გაუსაძლისი პირობების გამო კი მათი რაოდენობა 20-ჯერ შემცირებულია.
ახალი შენობა, სადაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა განთავსდეს, უკვე აშენებულია, თუმცა შიგნით არც ინვენტარი და არც სხვა აუცილებელი ნივთები არ არის. ექიმები და ექთნები, რომლებიც კლინიკაში ათობით წელია, მუშაობენ, დარწმუნებულები არიან, რომ კლინიკისთვის აშენებულ შენობას უახლოეს მომავალში გაყიდიან და სასტუმროდ გადააკეთებენ. მათ სჯერათ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადასვლას ხელს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესები უშლის.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის უფროსი, ბენო ჭელიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის აგარაკთან შიმშილობის დაწყებას აპირებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი კრიზისული ეტაპის დასრულებას მას შემდეგ ელის, როცა კლინიკა ახალ შენობაში გადავა, მანამდე კი პერსონალს, ვისაც ხელფასი არ ჰყოფნის ალტერნატიული სამსახურის მოძებნისკენ მოუწოდებს.