სოფელ მაჩხაანის საბავშვო ბაღი ტრაგედიას გადაურჩა - საკლასო ოთახში, სადაც 12 აღსაზრდელი მთელ დღეს ატარებს, ჭერი ღამით ჩამოიშალა. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციისთვის ნგრევის მიზეზები უცნობია. ამბობენ, რომ დილით ბაღში მისულ პედაგოგებს თაბაშირ-მუყაოს ჭერი იატაკზე დახვდათ.
ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 2016 წელს გარემონტდა. სამუშაოები 60 ათასი ლარის სანაცვლოდ, კომპანია „გიორგიწმინდა 1“-მა შეასრულა. ბაღში დღეს კომპანიის წარმომადგენლები არ გამოჩენილან, ადგილზე მხოლოდ ის მუშები გააგზავნეს, რომლებმაც ამ ბაღში 3 წლის წინაც იმუშავეს.
ჭერი ჩამოიშალა სოფელი ბოდბის საბავშვო ბაღშიც. ეს შენობაც 2016 წელს გარემონტდა. ბაღის დირექტორი ფიქრობს, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა, რადგან შემთხვევა აქაც ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა.
ნგრევის სავარაუდო მიზეზად უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს ასახელებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ინსპექტირების სამსახურმა 3 წლის წინ ეს შენობები შეამოწმა და ოფიციალურად ჩაიბარა. დღეს კი ამბობენ, რომ კომპანიებმა შეცდომა დაუშვეს და მათ ორივე ბაღში ჭერის შეკეთება დაევალათ.
სოფელი ბოდბის საბავშვო ბაღი შპს „სკანაქსიმ“ გაარემონტა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ კომპანიის უკან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ვანო მირიანაშვილი, დგას. ოფიციალურად ”სკანაქსი” მალხაზ ბიძინაშვილის ოჯახს ეკუთვნის, რომელიც მირიანაშვილის ახლო მეგობარია.