17 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ეროვნული ვალუტა საგანგაშო ნიშნულზეა -ექსპერტები ეროვნულ ბანკს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ  

ეროვნული ვალუტა საგანგაშო ნიშნულზეა. საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობა დილიდან ლარის გაუფასურებით დაიწყო. ბლუმბერგის ტერმინალზე ერთი დოლარის ღირებულება 2 და 80-იან ნიშნულს მიუახლოვდა. ეროვნულ ბანკს ტყუილში ადანაშაულებს ექსპერტთა ნაწილი. კობა გვენეტაძემ გუშინ ლარის ვარდნა თურქეთში ლირის გაუფასურებას დაუკავშირა, რაც ანალიტიკოსების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება და პრობლემის სათავე ქვეყნის შიგნით არსებობს. ექსპერტების თქმით, ეროვნულ ბანკთან ერთად რეალურ პრობლემებზე თვალს ხუჭავს ხელისუფლებაც.

ექსპერტების შეფასებით ლარი უკვე იმდენად საგანგაშო ნიშნულზეა, რომ აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა ხელოვნური ჩარევა განახორციელოს.

„ეს არასერიოზული განცხადებაა ეროვნული ბანკის მხრიდან. საერთოდ ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში აკეთებს არასერიოზულ და არასახარბიელო განცხადებებს. რა კვლევებზეა დაყრდნობილი მათი ეს განცხადებები საერთოდ გაურკვეველია, ამიტომ ჩვენი აზრით რაღაც არარეალურ სამყაროში ცხოვრობს დღევანდელი გადმოსახედიდან ეროვნული ბანკი. ბიუჯეტის კორექტირება უკვე სავალდებულოც არის,“-განაცხადა საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა შენგელიამ.

სპეციალისტები ლარის გაუფასურების პარალელურად საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ.  

„ზოგადად გაუფასურება რა თქმა უნდა პირველ რიგში ქვეყანაში  პრობლემას უქმნის არამხოლოდ ბიუჯეტს, არამედ ინფლაციურ მოლოდინებს, ფასების ზრდას, რადგან ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და ნავთობპროდუქტები იქნება თუ სხვა საქონელი ჩვენ ძირითადად ვყიდულობთ დოლარში და ამიტომ შესაძლოა, რომ იმ პროდუქციაზე რასაც დოლარში ვყიდულობთ გაიზარდოს ფასები. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაზე მეტად ფასები იზრდება სურსათზე, მედიკამენტებზე, რაც არის პირველადი მოხმარების,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ.
 

დღის ამბები