ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ოპოზიციის და ექსპერტების შეშფოთებას მმართველი გუნდი არ იზიარებს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ლარი ბაზრის მიერ თვითონ დარეგულირდება. მიუხედავად ამისა რომან კაკულია აცხადებს, რომ მომავალ კვირაში შესაძლოა ეროვნული ბანკის პრეზიდეტთან შეხვედრა დაიგეგმოს თუმცა ესეც მხოლოდ იმიტომ რომ პარლამენტმა მეტი ინფორმაცია მიიღოს.
„20 პუნქტიანი ცვლილება ყოველთვის არის ხოლმე სხვა, ვიდრე 10 პუნქტის და 15 პუნქტის, ამიტომ უკვე განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს ჩემი აზრით ეს პროცესი. ვერ ვიტყვი, რომ ამ წუთას ეს საგანგაშოა და მას არ აქვს ბაზრის მიერ თვითონ დარეგულირების პერსპექტივა. ნამდვილად აქვს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში მომავალი კვირიდან უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ რა ფორმატში მოვისმინოთ უკვე ეროვნული ბანკის პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რა პროცესებთან ვაქვს საქმე. თუნდაც იმიტომ რომ უფრო მეტი სიმშვიდე და სიცხადე შემოვიდეს საზოგადოებაში. მე ჯერ არავის არ ვიბარებ, უბრალოდ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა აი ამ პუნქტით, ე.წ. 20 პუნქტამდეა არა ფაქტიურად დღეს უკვე დაახლოებით ცვლილება, თუ ეს ტენდენცია მზარდი იქნება, ინფორმირებულობა ყოველ შემთხვევაში მეტია საჭირო,“ -განაცხადა რომან კაკულიამ.
საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობა დილიდან ლარის გაუფასურებით დაიწყო. ბლუმბერგის ტერმინალზე ერთი დოლარის ღირებულება 2 და 80-იან ნიშნულს მიუახლოვდა.