არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელს, კოტე ქოჩიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული სამართალდამცველი, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ქოჩიშვილმა სასამართლო დარბაზში მის უდანაშაულობაზე ისაუბრა.
„როდესაც არაფერი არ დამიშავებია, რატომ უნდა მეშინოდეს მოსალოდნელი სასჯელის, მით უმეტეს, ვიცოდი, სანამ დამაკავებდნენ იქამდე, ერთი კვირით ადრე, თუ რას მიპირებდნენ და მიპირებდნენ ბრალდებულის სახით დაკავებას. იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა დღეს არის ანგაჟირებული, მასობრივი საშუალებების მხრიდან. როგორც გითხარით, გასული სიუჟეტის მერე, მეორე დღეს დამირეკეს და მეორე დღეს დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, როდესაც გამოძიება, თუ არ ვცდები, თვეზე მეტა რაც დაწყებულია“ - განაცხადა კოტე ქოჩიშვილმა.
პროკურორი, გიორგი ლობჟანიძე აცხადებს, რომ საქმეში დევს დასაბუთებული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ქოჩიშვილმა დანაშაული ჩაიდინა.
„საქმეში არსებობს მტკიცებულებები, დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება. სხვა კონკრეტულ დეტალებზე, საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“ - განაცხადა პროკურორმა, გიორგი ლობჟანიძემ.
კონსტანტინე ქოჩიშვილის უფლებადამცველი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას პატიმრობას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უსჯიან.
„ზოგიერთი პოლიციელი ხდებიან მილიონერები და მათ მიმართ, გამოძიება არ იწყება. ზოგიერთი ჩადის დანაშაულს, მაგრამ საქმეც კი არ არის აღძრული. ამ შემთხვევაში, რატომღაც, იმას ვისაც პატრონი რ ჰყავს, დაიჭირეს და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უსჯიან პატიმრობას. რაც ყველაზე საინტერესოა, როგორ ჩატარდა ამოცნობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თმები აქვს გადაპარსული, არასრულწლოვან ბავშვს დაუყენეს ამოსაცნობად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ორი თმახუჭუჭა ადამიანი. რა თქმა უნდა, მან ხელი დაადო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს“ - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.
მოზარდმა ქოჩიშვილთან ერთად კიდევ რამდენიმე პოლიციელი დაასახელა, მათ შორის აკაკი უგრეხელიძე. 16 წლის ბიჭის მტკიცებით, მას გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ, თუმცა პროკურატურა მხოლოდ მოზარდის ჩვენებებს პოლიციელის დაკავებისთვის არასაკმარისად მიიჩნევს.