პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი 16 წლის მოზარდი, მის უფლებადამცველები და ოჯახის წევრები, ბიძინა ივანიშვილის სახლთან დღეს აქციას გამართავენ. ისინი ყველა იმ პოლიციელის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რომლებმაც არასრულწლოვანს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენეს.
უფლებადამცველების თქმით, შსს მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა თანამდებობები უნდა დატოვონ, რადგან სწორედ ისინი მფარველობენ დამნაშავე პოლიციელებს.
„დაისაჯოს ყველა პოლიციელი, ასევე გადადგეს თადუმაძე და გახარია ვინაიდან ისინი არიან უღირსი თანამდებობის პირები, რომლებიც ორი სამი თვის მანძილზე ამ პოლიციელებს აფარებენ ხელს. ბიძინა ივანიშვილმა თავი დაანებოს ჩვენს ქვეყანას და მისცეს განვითარების საშუალება. ყველაფრის თავი არის ბიძინა ივანიშვილი ამიტომ მივდივართ იქ,“-აცხადებს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.
პარალელურად საქმეში ერთვება ცენტრი “ემპათია”. ორგანიზაცია მოზარდზე განხორციელებულ წამებაზე საუბრობს. დღესვე ცენტრი “ემპათია” ადვოკატების დახმარებით, აპირებს მიმართოს პროკურატურას, რათა საქმის მასალები გამოითხოვონ.