ქუთაისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ნანა კოსტავა სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებულია. თუმცა კოსტავა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადების გამო დაუპირისპირდა, "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრად და საკრებულოს დეპუტატად რჩება.
სამოქალაქო სექტორი კოსტავას პარტიიდან გარიცხვას და შესაბამისად საკრებულოს დეპუტატის სტატუსის შეჩერებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ქუთაისში დღეს რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.
ფრაქცია "ნაციონალური" მოძრაობის" წევრებმა რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, კოსტავას პარტიიდან გარიცხვას და საკრებულოს დეპუტატის სტატუსის შეჩერებას ითხოვს.
„ ის განცხადება, რომ თითქოს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გაუშვეს ნანა კოსტავა არის ფარსი და საზოგადოებისათვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, იმიტომ, რომ ნანა კოსტავა დარჩა როგორც ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრად, ასევე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრად. მაგალითად, ამ ფრაქციის წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარიაც, რომელიც მუდმივად უნდა შეიკრიბოს ქალბატონ ნანასთან ერთად და განიხილოს ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. ისინი ელოდებიან და ცდილობენ როგორმე ეს ტალღა გადაფარონ. ამიტომ, ჩვენი, ისევე როგორც საზოგადოების აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა და ქუთაისის საზოგადოებასთან ერთად მივიღოთ აბსოლუტურად ადეკვატური და სამართლიანი გადაწყვეტილება,“- აცხადებს გიგა შუშანია.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გენდერულმა საბჭომ საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით იმსჯელა და მას საბჭო ერთხმად დაატოვებინეს.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა.
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“ - ეს პოსტი სალომე ბარკერის ფოტოთი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა 28 მაისს გამოაქვეყნა, როცა ცნობილი გახდა, რომ ლაგოდეხში, ჩანჩქერზე დაღუპული 16 წლის გოგონა ჟურნალისტის და იყო. სოფიო ნიკოლაიშვილი სკოლის ექსკურსიის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, ნანა კოსტავამ საკუთარი პოსტი პროტესტის შემდეგ წაშალა და განმარტა, რომ არ იცოდა ამ ტრაგედიის შესახებ.