ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა, გოჩას პრიზის გამარჯვებულები გამოავლინა. პოსტსკრიპტუმის ტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის სახელობის ჯილდო ოპერატორებსა და მემონტაჟეებს გადაეცათ. საუკეთესო რეპორტაჟი, ისტორიული კადრი, სარისკო კადრი, საუკეთესო მონტაჟი - ჟიურიმ გამარჯვებულები სულ 6 კატეგორიაში გამოავლინა. ცერემონიაში გოჩა რამიშვილის ოჯახიც მონაწილეობდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრიზი ჩემი სიუჟეტისთვის, რომელიც ნამდვილად ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც გამოვიდა, რომ არ ყოფილიყო ოპერატორი თაზო თხილიშვილი, რომელმაც გადაიღო საოცარი კადრები, რომ არ ყოფილიყო მემონტაჟე ნოდარ ჭადაშვილი, რომელმაც არ დაკარგა არცერთი კადრი,"-აცხადებს "კურიერის" ჟურნალისტი, ეკა გაგუა.
გოჩა რამიშვილის მეუღლე, ნინო ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გოჩას სახელობის კონკურსი მისი მონაწილეებისთვის სტიმულია და კარგია რომ თითოეული მათგანი თავდადებით მუშაობს.
"მიხარია რომ გოჩა არის მათთვის მაგალითი, მიხარია, რომ ეს კონკურსი ტარდება და ალბათ კიდევ ბევრჯერ ჩავატარებთ. მე ვთვლი, რომ ეს მათთვის სტიმულია. კარგია რომ ისე თავდადებით მუშაობენ, როგორც გოჩა მუშაობდა,"-აცხადებს ნინო ზურაბიშვილი.