მთაწმინდის ოლქში, არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლება კრიმინალური სამყაროს დახმარებით ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს. როგორც “ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, ხელისუფლებამ კრიმინალურ ავტორიტეტებს ამომრჩევლის მობილიზება დაავალა.
ოპოზიციაში ასახელებენ კონკრეტულ გვარებს და საარჩევნო უბანსაც, სადაც ლადო კახაძის ხმების მოსაგროვებლად შავი სამყარო გააქტიურდა.
როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ოქროყანაში ლევან თოფურიძე, იგივე "კალაბოკა" მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზებას ახდენს.
თავად ლევან თოფურძემ თავდაპირველად "კურიერის" გადამღებ ჯგუფს თავი ლევან თოფურიძის, იგივე "კალაბოკას" ძმად გააცნო, თუმცა საუბრის ბოლოს განაცხადა, რომ ლევან თოფურიძე თავად არის. ის უარყოფს, რომ საარჩევნო პროცესში და ხმების მობილიზებაში მონაწილეობს. თუმცა დაადასტურა, რომ ის იბრძვის ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია.
„ლევან თოფურიძე გასულია, არ არის სახლში მე ძმა ვარ. ჩვენ პირიქით ხალხს ვეხმარებით. მე ჩემი ოჯახიდან, რაც შეუძლია და რა საშუალებაც აქვს ჩემს ოჯახს ყველაფერში ვეხმარებით. არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. ჩვენ შეიძლება ჩავერიოთ და ვინმეს რამე ვუთხრათ, თუ ვინმემ რამე დაგვიშავა, თორემ როგორც ასეთი, ჩვენ არავის არ ვეუბნებით და არ ვაშანტაჟებთ. ჩემი ძმა ის ადამიანი არ არის რომ რამე გააკეთოს.
ჩვენ გვაშინებენ, ასე გააკეთეთ ისე გააკეთეთო. ვინ გვაშინებს? "ნაციონალური მოძრაობა" გვაშინებს, ბოკერია და უგულავა გვაშინებს... მოდიან და ეს გააკეთეთ ის გააკეთეთო, იმ თავის ხალხით, ნახეთ რას გიზამთო, ესეთი ხალხი მოდიან. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ რომ ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ.
მე სიმართლის მხარდამჭერი ვარ. სიმართლე არ იცით? ქართველი ხალხი ვისაც უყვარს იმას დავუჭერთ მხარს. მე "ოცნებას" ვუჭერ მხარს ამ ეტაპზე. ჩემი სახელი და გვარი უკვე იცით. მე ვარ ლევან თოფურიძე. ჩემი ძმა დაღუპულია, ჩემი ძმა მოკლეს. ჩემზეა საუბარი დიახ,“-ამბობს თოფურიძე.
ოქროყანაში მოსახლეობა ადასტურებს, რომ ლევან თოფურიძე და სხვა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ადგილობრივებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ამ ზეწოლაზე საჯაროდ საუბრის ეშინიათ.