17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
„დაუჯერებელია, რომ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის პოზიციაა“ - ჰარმსი "თბილისი პრაიდზე" წერს

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. „დაუჯერებელია, რომ ეს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის პოზიციაა“, - წერს რებეკა ჰარმსი ტვიტერის საკუთარ გვერდზე და "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის პოსტს აზიარებს, რომლის თანახმად, შსს-ს შეუძლებლად მიაჩნია "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა.

რებეკა ჰარმსმა ტვიტერზევე მონიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, რომელმაც თავის მხრივ, ასე უპასუხა ევროდეპუტატს:
„რას გულისხმობთ? საქართველოსთან მიმართებით მსგავსი არაფერია სადარდებელი. გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია. ასეთი განცხადებები აზიანებს ჩვენი დემოკრატიის იმიჯს“.

ევროპარლამენტარი კი პასუხად წერს, რომ მას უჭირს დაიჯეროს საქართველოს მთავრობის პოზიცია პრაიდთან დაკავშირებით, რაზეც Twitter-ის სხვა მომხმარებლები პასუხობენ, თუ რა პასუხს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პრაიდის ორგანიზატორები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს ვერ მისცა „ღირსების მარშის“ უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია და მათ ღონისძიების დახურულ სივრცეში ჩატარება შესთავაზა. ეს კი, პრაიდის ორგანიზატორების შეფასებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს აღნიშნულ ფაქტს ომბუდსმენი. ნინო ლომჯარიას თქმით, შს სამინისტროს განცხადება, რომ ის ვერ დაიცავს აღნიშნული ღონისძიების მონაწილეებს არ პასუხობს არანაირ სტანდარტს.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ დასაბუთება, თუ რატომ მიიღო შს სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება, ძალიან ნათლად უნდა განემარტოს ყველას, რომ სახელმწიფო გამოიყენებს შესაბამის პასუხისმგებლობის ზომებს იმ პირთა მიმართ, რომელიც ეცდება, რომ დაარღვიოს სხვისი უფლებები,“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები