17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ბათუმის სამშობიარო სახლის მედპერსონალი სამედიცინო დაწესებულების მიზანმიმართულ გაკოტრებაზე საუბრობს 

ბათუმის "იოსებ ჩარკვიანის სახელობის" სამშობიარო სახლის მედპერსონალი სამედიცინო დაწესებულების მიზანმიმართულ დაშლაზე საუბრობს. მათი განმარტებით, ორი თვის წინ სამშობიაროს თანამშრომლებმა ახალი დირექტორი აირჩიეს, თუმცა მას ამ დრომდე მუშაობის დაწყების საშუალება არ მისცემია.

ამის მიზეზად მედპერსონალი  ყოფილი დირექტორის სასამართლოში შეტანილ განცხადებას ასახელებს. განცხადების თანახმად,  ყოფილი დირექტორი არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს, რაც დირექტორის არჩევნების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

„ჩატარდა პარტნიორთა კრება, სადაც დღის წესრიგი იყო არსებული დირექტორის გადაყენება და ახალი დირექტორის არჩევა. არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი, მაგრამ იმ დღეს, როდესაც საჭირო იყო უკვე დარბაზში შესვლა, აღმოჩნდა, რომ დარბაზი იყო დაკეტილი, გასაღები გამოცვლილი. ბატონ ჯუმბერ უნგიაძის პირადი ადვოკატი სიმონ ასათიანი ცდილობს ერთ-ერთი პარტნიორის განცხადებით შეიტანოს საჩივარი სასამართლოში, რაც ხელს უშლის რეესტრში დირექტორის არჩევნების დარეგისტრირებას,“- განაცხადა ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის დირექტორმა ნანა შერვაშიძემ.

ექიმების განცხადებით, სამშობიარო სახლის მიზანმიმართული გაკოტრება მიმდინარეობს. 

„ძირითადი ინტერესი არის ის შენობა, მეტად სასურველ ადგილზე მდებარე შენობა, მისი, ასე ვთქვათ, ინტერიერი და აქ ხდება აი, ამ შენობის სხვა და სხვა ფართების ოკუპაცია, სხვა და სხვა ფირმების შემოსვლა და ასეთნაირად, ფინანსური დაინტერესება არის უზარმაზარი"-  აცხადებს სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთი ექიმი.

დღის ამბები