17 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
სოფელ მუხურას მკვიდრის მტკიცებით, ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდებმა ფუტკარი დაუხოცა

სოფელ მუხურას მკვიდრი ამტკიცებს, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდებმა 100 ოჯახი ფუტკარი დაუხოცა. გიორგი კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ მწერის მოწამვლა და დაცემა აზიური ფაროსანის საწინააღმდეგო სოფელში ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. მისი მტკიცებით, ფერემონების დამონტაჟების შემდეგ, სურსათის უვნებლობის სპეციალისტებმა მცენარეები ისე შეწამლეს, რომ მეფუტკრეები არ გააფრთხილეს.

სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით, აზიური ფაროსანის წამლობის დროს მეფუტკრეს 24 საათით ადრე უნდა გააფრთხილონ. სოფელში ამტკიცებენ, რომ მათ ეს ინფორმაცია არ მიუღიათ.

კირკიტაძეების ოჯახისთვის მიყენებული ზიანი 50 ათას ლარამდეა. მათი თქმით, დახოცილი ფუტკრის გარდა, სკებში თაფლიც მოიწამლა. შემოსავლის გარეშე დარჩენილი კირკიტაძეები სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრასა და კომპენსაციას ითხოვენ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მუხურაში ფაროსანის წინააღმდეგ წამლობასა და ქიმიური პესტიციდების გამოყენებას უარყოფენ.

ადგილობრივი მეფუტკრეები იხსენებენ, რომ ფაროსანის წინააღმდეგ წამლობამ ფუტკარი გასულ წელსაც დახოცა. მათი თქმით, შემოსავლის გარეშე დარჩნენ, შესაბამისად, ისედაც მოსახლეობისგან დაცლის პირას მყოფი სოფელიდან იძულებული იქნებიან, თავადაც წავიდნენ.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

დღის ამბები