17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ იულია სუსლიაკის თანმხლები ათი ბავშვი უკრაინულ მხარეს გადაეცემა

გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის თანმხლებ ათ ბავშვს უკრაინულ მხარეს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გადაწყვეტილება საგამოძიებო უწყებამ, უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. 

საქართველოს  გენერალური პროკურორის მოადგილესა და შსს მინისტრის მოადგილეს   ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი  და  საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლები შეხვდნენ. 

როგორც უკრაინის  პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, გამოძიება სუსლიაკის საქმეზე უკრაინაშიც მიმდინარეობს. 

"ბავშვებთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა გენერალურ პროკურატურაში და შს მინისტრის მოადგილესთან. უკრაინული მხარის მიერ ძალიან ბევრი დოკუმენტია მომზადებული, ასევე გვაქვს უკრაინის საელჩოს მხრიდან ხელშეწყობა.მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს, მათ რა თქმა უნდა ჰქონდათ ეჭვი ტრეფიკინგთან დაკავშირებით, რადგან ეს ისტორია ძალიან უცნაურია.

"ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ისინი ჩამოვიდნენ რუსეთიდან და გადადიოდნენ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. ვნახეთ ქართული მხარის სოციალური სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალური ქმედებები. ბავშვებს გაეწიათ სამედიცინო დახმარებაც. ახლა კი მინდობით აღზრდაში იმყოფებიან. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაშიც მიმდინარეობს გამოძიება.ჩვენ ვსწავლობთ სუროგაციის გარემოებებს. ვინ გადაიხადა სუროგაციის თანხა, ვინ იყო შუამავალი ამ საქმეში და ა.შ.

"ვიცით, რომ ბიოლოგიური მასალა მიწოდებული იყო ბიოლოგიური მშობლების მიერ. როდესაც გამოძიება დასრულდება ყველა მასალას გავასაჯაროებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა ბავშვების უკრაინაში დაბრუნება, მათთვის სამედიცინო დახმარება,რეაბილიტაცია და ერთ ოჯახში ყოფნაა. თუ ქალბატონი სუსლიაკი დამნაშავეა მან პასუხი უნდა აგოს, თუ არადა გათავისუფლდეს,“-აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული ბავშვთა უფლებების საკითხებში ნიკოლა კულება.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა დამზრუნველობის სამმართველოს უფროსი, ეთერ ცხაკაია ამბობს, ათივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რადგან სტრესულ გარემოში აღმოჩნდნენ. 

იულია სუსლიაკი ზუგდიდში დააკავეს. ის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან ათ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ჩამოვიდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბავშვებს, რომელსაც საკუთარ შვილებად ასაღებდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას და სავარაუდოდ, გაყიდვას უპირებდა. 

ავტორი:ნინო გაზდელიანი

დღის ამბები