ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს, საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა.
კომიტეტმა იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის და , „ჭიათურის“ მოთამაშის საკითხზეც და დაადგინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.
ერთ-ერთი ფეხბურთელის, გიორგი გეთიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს და არ აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. თუმცა სპორტსმენი არ ეთანხმება სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ღუდუშაურსა და კიკნაველიძესთან მიმართებაში.
„ის არ ეთანხმება განსაკუთრებით ღუდუშაურის და კიკნაველიძის საკითხთან სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას, რადგან მან გულწრფელად და ობიექტურად ისაუბრა განხილვის დროს და მიიჩნევს, რომ მათი როლი არ იყო იმდენად დიდი, რომ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ყველაზე მკაცრი სანქცია დაეკისრებინა მათთვის“, - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.