იულია სუსლიაკის თანმხლებ 10 მცირეწლოვანს დღეს საღამოს უკრაინაში დააბრუნებენ. საგარეჯოსა და სოფელ წყაროსთავში მცხოვრები მიმღები ოჯახები, სადაც ბავშვები მინდობით აღზრდაში იმყოფებიან, ამ წუთებში ბავშვებს გასამგზავრებლად ამზადებენ. მათთან ერთად იმყოფება ადგილობრივი სოციალური მუშაკი, რომელიც მათ თბილისის აეროპოტში გადაყვანას უზრუნველყოფს. ნათია კევლიშვილის განცხადებით, აეროპორტში ბავშვებს უკრაინული მხარის წარმომადგენლები და ბებიები დახვდებიან. არასრულწლოვნების გადაყვანა საქართველოსა და უკრაინას შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე ხდება.
იულია სუსლიაკი ზუგდიდში დააკავეს. ის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან ათ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ჩამოვიდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბავშვებს, რომელსაც საკუთარ შვილებად ასაღებდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას და სავარაუდოდ, გაყიდვას უპირებდა.
გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის თანმხლებ ათ ბავშვს უკრაინულ მხარეს გადასცემენ. გადაწყვეტილება კი საგამოძიებო უწყებამ, უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.