ილია ბაიდაშვილი, კოტე საცერაძე, თორნიკე ოსიაშვილი - სტეფანწმინდაში მომხდარ ავიაკატასტროფას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა ოჯახებისთვის მომხდარის შესახებ უკვე ცნობილია. ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია მათ ვერტმფრენის მფლობელმა კომპანია „ავიატორი პლიუსის“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს. სწორედ კომპანიის თანამშრომლებმა წაიყვანეს ყაზბეგში ილია ბადიაშვილის მეუღლეც. მფრინავს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ბადიაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ ის პროფესიონალი პილოტი იყო და გამორიცხავენ, რომ მას შეცდომა დაეშვა.
პილოტის, 45 წლის ილია ბაიდაშვილის გარდა, პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე ვერტმფრენით ხშირად დაფრინავდა კოტე საცერაძეც. ის გიდი იყო და უმეტეს დროს ყაზბეგში ატარებდა, სადაც უცხოელ ტურისტებს ემსახურებოდა. თორნიკე ოსიაშვილის ყოფნა ბორტზე კი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომელზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ის ყაზბეგში სასტუმრო "რუმსის" თანამშრომელი იყო. უცნობია როგორ მოხვდა ის ვერტმფრენის ბორტზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა.
უბედური შემთხვევა ყაზბეგში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ვერტმფრენი დაახლოებით 50-60 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა, როდესაც მან ვარდნა დაიწყო. კატასტროფის დროს ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა.