17 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ავიაკატასტროფა ყაზბეგში, ნამსხვრევებად ქცეული ვერტმფრენი და სამი გარდაცვლილი - „კურიერთან“ ანონიმი წყარო შესაძლო ტექნიკური ხარვეზზე საუბრობს 

ავიაკატასტროფა ყაზბეგში - ვერტმფრენის ფრაგმენტები ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ვერტმფრენში მყოფი 3 ადამიანის ცხედარი ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით, 15:00 საათზე გადაასვენეს.

ტრაგედიას ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს. მწყემსმა დაინახა, როგორ დავარდა მიწაზე ვერტმფრენი. რეზო ფიცხელაური ყვება, რომ საფრენ აპარატს ჰაერში ცეცხლი არ გასჩენია, მას არ დაუნახავს შეჯახებაც, რადგან იმ ადგილზე, სადაც კოპტერი ჩამოვარდა, ელექტროგადამცემი ბოძები არ არის.

ერთადერთი ვერსია, რომელზეც „კურიერთან“ ანონიმი წყარო საუბრობს, ვერტმფრენის შესაძლო ტექნიკური ხარვეზია. „კურიერში“ მოსული გზავნილის ავტორი ირწმუნება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, საფრენ აპარატს პრობლემები ჰქონდა და დღეს დილით დაგეგმილი ფრენა იყო ტესტირება ხარვეზის გამოსავლენად.

კომპანია „ავიატორ პლუსის“ კუთვნილი ვერტმფრენი სოფელ აჩხოტში მდებარე ანგარიდან დღეს დილით აფრინდა და ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსში“ მიფრინავდა. გზად, სავარაუდოდ, მართვა დაკარგა და სოფელ ყანობში, დასახლების მიმდებარედ ჩამოვარდა. საფრენი აპარატი „აჭარა ჯგუფის“ საკუთრებაა.

„ბელ 505“ ტიპის ვერტმფრენი თანამედროვე ამერიკულ-კანადური წარმოების საფრენი აპარატია, რომელიც 2018 წელს არის გამოშვებული. კომპანია „ავიატორში“ ამბობენ, რომ ვერტმფრენი ტექნიკურ შემოწმებას სისტემატურად გადიოდა. ბოლო შემოწმება კი 22 მაისს ჩაუტარდა.

„ავიატორი პლუსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საფრენი აპარატი ტექნიკურად გამართული იყო და მას გამოცდილი პილოტი - ილიკო ბაიდაშვილი მართავდა. მასთან ერთად დაღუპულია 27 წლის გიდი - კოტე საცერაძე და სასტუმრო „რუმსის“ შვეიცარი - თორნიკე ოსიაშვილი. რატომ იმყოფებოდა „რუმსის“ თანამშრომელი სოფელ აჩხოტში და როგორ მოხვდა ის ვერტმფრენში, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არც ერთ უწყებას არ აქვს. ამ დრომდე ასევე უცნობია, რა გახდა თანამედროვე ტიპის ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები