ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვა, რომელმაც ანაკლიის პროექტს საფრთხე შეუქმნა - დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განხილვის საგანი გახდა. ეკონომიკის მინისტრთან შეკითხვები ამ თემაზე ოპოზიციის გარდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც ჰქონდათ. კახა ოქრიაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გაჟონილ ინფორმაციას კონკრეტული მოტივაცია ჰქონდა და ეს ანაკლიის პროექტის დაზიანება იყო.
„ფოთის პორტში ხდება სკანდალი. ეს არის სკანდალური ინფორმაციის გაჟონვა, რომ იქაც აპირებს ინვესტორი გაკეთებას. მე ვთვლი, რომ ამ გაჟონვაში არსებობს მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ გაკეთდეს,“-განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არც ერთ ნაბიჯს ანაკლიის პროექტის დასაზიანებლად არ გადადგამს.
„ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინვესტორის როლი რომელიც დღეს არის ფოთის პორტში, ეს არის "ეიპიენ ტერმინალი", ეს არის გლობალურად ცნობილი გადამზიდავის წარმომადგენელი შვილობილი კომპანია რომელიც არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია კონტინენტის გადაზიდვებში. ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ ინვესტორს. არც ერთი ნაბიჯი, რომელიც პოტენციურად მაინც დააზიანებს ამ პროცესს ანაკლიის პროცესს ჩვენი მხრიდან გადადგმული არ იქნება,“-განაცხადა ნათია თურნავამ.