17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ავიაკატასტროფა ყაზბეგში - ”ავიატორ პლუსის” თანამშრომლები გამოიკითხნენ

ავიაკატასტროფა ყაზბეგში - მცხეთის სამხარეო პოლიციაში ”ავიატორ პლუსის” თანამშრომლები გამოიკითხნენ. ადვოკატის განმარტებით, გამოიკითხა კომპანიაში მომუშავე 5-მდე პირი, მათ შორის ხელმძღვანელი. მისი ინფორმაციით, გამოკითხვები ამ ეტაპზე ჯერ არ დასრულებულა. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი არ დგას. 

„ინფორმაცია იქნა მიწოდებული იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს - რა პირობებში მოხდა ვერტმფრენის შეძენით დაწყებული, ექსპლუატაცია. ამ წუთში არ დგას კონკრეტული პირების ბრალეულობაზე საკითხი. დღევანდელი და ამ დღეების ამოცანა არის, რომ სურათი სრულად აღდგეს, სრული დოკუმენტაცია იქნას მოძიებული. ჩვენ ველოდებით გამოკითხვების გაგრძელებას,“ - განაცხადა ადვოკატმა, კახა წერეთელმა. 

ტრაგედია ყაზბეგში ორი დღის წინ მოხდა. ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც სამი ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. სამივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან პილოტი, გიდი და სასტუმრო „რუმსის" თანამშრომელი. 

დღის ამბები