17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
სამინისტროს ჩარევის გარეშე შეუძლებელია, მასწავლებელთა ტრენინგზე დასწრების უზრუნველყოფა - განათლების საკითხების მკვლევარი 

პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ჩატარებულ ლექციას განათლების ექსპერტები ეხმაურებიან. მათი თქმით, ტრენინგები განათლების სამინისტროს მონაწილეობისა და მასთან შეთანხმების გარეშე არ იგეგმება.    

განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვის პროცესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ინფორმირება და მისგან თანხმობის მიღება აუცილებელია.

„განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჩარევის გარეშე შეუძლებელია მასწავლებელთა მობილიზება და ტრენინგზე დასწრების უზრუნველყოფა დღევანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე იმიტომ, რომ მოქმედებს 837-ე ბრძანება, როდესაც მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანია და აუცილებელი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმირება და მისგან თანხმობის მიღება,“ - განაცხადა ტაბატაძემ.

პედაგოგებისთვის საჯარო ლექციის წაკითხვას ”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” განათლების საკითხთა სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი ეხმაურება, რომელიც სკოლის ავტონომიურობის პრობლემას უსვამს ხაზს. მისი თქმით, ტრენინგის მიზანი რელიგიურ საკითხებზე ცნობადობის გაზრდა და ამ პროცესში სკოლების ჩართვაა, მაშინ ეს ზოგადი განათლების შესახებ კანონის დარღვევაა. 

„არ ვიცი, რა არის ამ პროექტის მიზანი. ალბათ, ცნობადობის გაზრდა რელიგიურ საკითხებზე. თუ მიზანი ეს არის, მაშინ სკოლების ჩართვა ამ პროცესში პირდაპირ არღვევს კანონს ზოგადი განათლების შესახებ, სადაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ სკოლა და რელიგიური ორგანიზაციები არის გამიჯნული. მე მიმაჩნია, რომ ამ გზით, რელიგიური ორგანიზაციის შესვლა ხდება სასკოლო სივრცეში, იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა ტარდება სკოლის მიღმა. სკოლების ავტონომიურობა საქართველოში არის ძალიან დაბალ დონეზე. სამინისტრო ამაში თუ მხარს უჭერს, ეს ძალიან ცუდია,“ - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული მასწავლებელი სხვადასხვა რეგიონში საგანგებოდ და იძულებით იმისთვის ჩაიყვანეს, რომ მათ თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის ლექცია წილხვდომილობის შესახებ მოესმინათ.

იძულებით ლექციას, პედაგოგების პროტესტი მოჰყვა. მასწავლებლებს შორის იყვნენ მუსლიმი აღმსარებლობის პედაგოგები, რომელმაც არც კი იცოდნენ, რა თემატიკის ლექციაზე მიჰყავდათ ისინი სკოლიდან. პედაგოგების ნაწილმა, წილხვდომილობის ლექცია პროტესტის ნიშნად დატოვა. მოგვიანებით, მასწავლებლებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ შეხვედრაზე ისინი განათლების სამინისტროს დავალებით, მოტყუებით მიიყვანეს.

ცოტა ხნის წინ „კურიერი“ იმ პედაგოგებს დაუკავშირდა, რომლებმაც ლექციასთან დაკავშირებით აღშფოთება ვერ დამალეს, თუმცა მათ მედიასთან დამატებითი განმარტებებისგან თავი შეიკავეს. პირად საუბრებში კი ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებული თუ რა შინაარსის ლექციაზე მიჰყავდათ. 

დღის ამბები