ფიზიკური ძალადობა ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორზე - შემთხვევა თბილისში, სახალხოდ უამრავი ადამიანის თვალწინ მოხდა. მოძალადეები გლდანი -ნაძალადევის რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან. დაპირისპირება დადიანის გამზირზე რამდენიმე ეპიზოდისგან შედგებოდა. მოქალაქეები უყურებდნენ, როგორ სცემდნენ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი იარაღიანი ადამიანები მოქალაქეს.
პროკურორის ცემა პოლიციელებმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაიწყეს, ავტომობილში გააგრძელეს და პოლიციის შენობაში გადაყვანის შემდეგაც არ დაასრულეს. ივანე კაკალია ამ პერიოდის განამვლობაში პოლიციელებს საკუთარ თანამდებობას მუდმივად ახსენებდა.
ნაცემი პროკურორი პოლიციელებმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის განყოფილებაში გადაიყვანეს, დაკავების ოქმი გააფორმეს და დიღომში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. შენობაში, როდესაც თანამშრომლებმა ხელბორიკილებდადებული კაკალია დაინახეს, პროკურორი იცნეს, განგაში ატყდა, დაკავების ოქმი დახიეს და ნაცემი კაკალია სახლში გაუშვეს.
სკანდალი 29 მაისს მოხდა. ბოლო 10 დღეა, პოლიციაც და პროკურატურაც ამ ამბავს მალავენ. ნაცემი პროკურორი კი გააქრეს. არსებობს ინფორმაცია, რომ დროებით ქვეყანაც კი დატოვა. საქმე იმდენად გასაიდუმლოვდა, რომ ვანო კაკალიას კარის მეზობლებმაც კი უარყვეს მასთან მეზობლობა.
პოლიციელების მიერ ნაცემი პროკურორის სამსახური ჩალაძის პირველ ნომერში მდებარეობს. კაკალიას მისაღებში განაცხადეს, რომ პროკურორი შვებულებაშია.
„შაბათის კურიერის“ კამერის წინ, ძალოვნების ჩხუბზე საუბარი არ სურთ სუპერმარკეტის თანამშრომლებსაც. ერთ-ერთმა „კურიერს“ უთხრა, რომ ისინი მკაცრად გააფრთხილეს, 29 მაისის ღამე დაევიწყებინათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა "შაბათის კურიერს" ღიად უდასტურებენ, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა და გამოძიება ორივე უწყების გენინსპექციაში დაწყებულია.
ის, რომ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ღია ომში არიან, ეს დავით სარალიძის საქმის გამოძიების დროსაც დადასტურდა. წყარო „კურიერს“ უყვება, რომ პოლიციის გამოუძიებულ საქმეებს ხშირად პროკურატურა მიმართულებას უცვლის და მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს არ აღიარებს.
დაპირისპირება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას შორის ქუჩაში ნაცემი პროკურორის ამბავმა კიდევ უფრო გაამძაფრა. სკანდალის შემდეგ გახარია იძულებული იყო, პოლიციის იმ განყოფილების უფროსობა მოეხსნა, რომლის თანამშრომლებიც პროკურორ კაკალიას გაუსწორდნენ. „კურიერს“ გლდანის პოლიციაში დაუდასტურეს, რომ ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ.
ყოფილი მთავარი პროკურორი იმ საქმეებს იხსენებს, რომლებიც ნაცემი ივანე კაკალიას სახელს უკავშირდება. მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ კაკალია მთავარი პროკურორის მოადგილის, მამუკა ვასაძის კადრია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უშუალოდ კაკალია ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთებს. მის ხელში იყო მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას საქმეები.
ავტორი: მაკა ჩიხლაძე