„იყო გარკვეული პროვოკაციები. მთლიანობაში ვერ შეძლეს, რომ ამისგან შეექმნათ ისტორია“-ასე აფასებს გია ვოლსკი არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობს. განცხადება დეპუტატმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მმართველი პარტიის წევრის შეფასებით არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ამომრჩეველზე ზეწოლის და ზემოქმედების ფაქტებს, რომელზეც ოპოზიციის ლიდერები მიუთითებენ, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთი რამ შეუძლებელია.
„ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ადამიანმა შეძლოს მოახდინოს ზეგავლენა მეორე ადამიანზე მაშინ, როდესაც ადამიანი უნდა შევიდეს საარჩევნო უბანში. ყველას გადაწყვეტილი აქვს, ყველამ იცის თავისი მხარდამჭერები,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
ის ასევე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ცალსახად მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ერთი კანდიდატის მიმართ.
„მე რასაც ყურადღება მივაქციე ეს იყო მკვახე განცხადება, რომელიც გააკეთა ყოფილმა პრეზიდენტმა აშკარა მხარდაჭერით ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ და არა კეთილგანწყობით ამ კანდიდატის მიმართ, არამედ ძალიან უხეში თავდასხმით ოპონენტ მხარეზე და მე ვფიქრობ, რომ ეს არ შეესაბამება არც სტატუსს ამ პიროვნების. გარკვეული ჯელტმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ ასეთი აშკარა მხარდამჭერი განცხადება არ იყოს გაკეთებული,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკი ასევე უარყოფს ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნებს კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ.
„თუ კრიმინალურ საქმიანობაში შემჩნეულ პირებს ვინმე იცნობს, მათ შორის ჟურნალისტი, აუცილებელია, რომ არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ არჩევნების შემდეგ, შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს. პოლიტიკა, კანონის აღსრულება კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ საკმაოდ მკაცრია,“-განაცადა გია ვოლსკიმ.