„სამართალი აღდგება მაშინ როცა ყველა პროკურორი, ყველა გამომძიებელი ვინც ამ საქმეში იყო ჩარეული იქნება პასუხისგებაში მიცემული,“-ამის შესახებ განცხადება ზაზა სარალიძემ „კვირის აქცენტებთან“ საუბრისას გააკეთა. რამდენადაც ცნობილია ზაზა სარალიძე თვეების განმავლობაში ითხოვდა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის მიხეილ კალანდიას დაკავებას. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ბრძოლა ამით არ დასრულებულა და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მისი შვილის მკვლელობაში და შემდგომ საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა.
„რა თქმა უნდა ვინ რა დოზით იყო ჩარეული და ვინ რა დანაშაული ჩაიდინა. არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ან ფხაკაძე, ან გუგუშვილს, ან ფიფიას ან თუნდაც ის ახალი პროკურორი რა გვარია, ნადირაძეს ვინმეს რამეს შევარჩენ, გამორიცხულია. ჩემი ოჯახის ცრემლებს მე არავის არ შევარჩენ!,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
არიდებდა თუ არა თავს ზაზა სარალიძე "რუსთავი 2"-ს?-ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ეს ასე არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის განმავლობაში ის კონტაქტზე არ გამოსულა და ამ პერიოდში კონტაქტზე სხვა ტელევიზიებთან იყო.
ზაზა სარალიძის თქმით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს არც ის ინფორმაცია, რომ ის ზვიად კუპრავას ჩამოშორდა. მისი თქმით, ზვიად კუპრავამ მას გაუწია ძალიან ბევრი დახმარება და გამორიცხულია მისი და კუპრავას დაშორება.
„კუპრავა იყო ამ საქმის მთავარი წამომწყები, მთავარი დამწყები. ზვიადიმ გადამადგმევინა ის ნაბიჯი, რომ მედია საშუალებასთან უნდა მეთანამშრომლა. ისე ამ საქმეს ჩვენ ვერ მივაღწევდით. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ზვიადს გადავუხადო,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.