შემოქმედში "ბჟუჟჰესი 2-ის" პროექტის პრეზენტაცია ჩაიშალა - მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა.
სოფლის სკოლაში მისულ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" წარმომადგენლებს შემოქმედელებმა საუბარი არ აცალეს და მდინარე ბჟუჟზე კიდევ ერთი მცირე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია ხისტად დააფიქსირეს.
მოსახლეობას სტუმრებთან ერთად, ამავე კორპორაციის მიერ სოფელში ჩამომავალ მდინარე ბჟუჟზე დაგეგმილ კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უნდა ემსჯელა. თუმცა, ადგილობრივები იმდენად უარყოფითად იყვნენ განწყობილი გომში კიდევ ერთი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის მიმართ, რომ კომპანიის წარმომადგენლებს პრეზენტაციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
„აქ უფრო მეტი მავნებლობა კეთდება, ვიდრე სარგებელი სოფლისთვის. თუნდაც 2 კილომეტრიანი ხრიოკი ადგილი, ტურიზმის განვითარების ინფრასტრუქტურა განადგურდება და მეტი მოგება რა აქვს სოფელს, ჰესი რომ გაკეთდეს“, - განაცხადა ადგილობრივმა ხვიჩა წულაძემ.
ადგილობრივების თქმით, სოფელში ჰესის მშენებლობის შემდეგ ტურისტების ჩამოსვლა შეწყდება, გაუქმდება ევროპის ჩემპიონატიც, რომელიც შემოქმედში უკვე რამდენიმე წელია ტარდება. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება სოფლის განვითარებაზე.
„ჩვენ ვფიქრობთ ჩამოვაყალიბოთ შემოქმედის გადარჩენის კომიტეტი. ქალი იქნება, კაცი, დიდი თუ პატარა ყველა ფეხზე უნდა დადგეს“,- განაცხადა ადგილობრივმა თენგო ჩხარტიშვილმა.
ადგილობრივებმა ისაუბრეს მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზეც, რაც შეიძლება ჰესის მშენებლობას მოჰყვეს.
„მდინარის მაგივრად ადგილობრივებს დარჩებათ ღელე, რაც გამოიწვევს დიდ ეკოლოგიურ კატასტროფას, ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ“, - განაცხადა მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეების“ წარმომადგენელმა ირმა გორდელაძემ.