საინფორმაციო სააგენტო qartli.ge-ს ჟურნალისტს, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხავენ. საბა წიწიკაშვილი პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც წიწიკაშვილი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას აშუქებდა. მისი ინფორმაციით, პოლიციელებმა მას ადგილის დატოვება მოსთხოვეს.
„მე და ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატი მივალთ გენერალურ ინსპექციაში, მივმართავთ განცხადებით, წარვადგენთ იმ მტკიცებულებებს, რომლის გადაღებაც მე იმ ღამით მოვახერხე. ხელის შეშლის ფაქტი პოლიციელების მხრიდან, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი პოლიციელების მხრიდან და მოვითხოვთ რეაგირებას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე,“-განაცხადა წიწაკიშვილმა.