17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
აქცია ივანიშვილის სახლთან - ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ 

ბავშვთა სამყაროს დაზარალებულმა აქციონერებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ზარალის ანაზღაურებას და სასამართლო პროცესის დროულად დასრულებას მოითხოვენ.

„ჩვენ ვცოტავდებით, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი მოკვდა, ზოგმა სხვა სამსახური იშოვა, ანაზღაურება კი არ ჩანს. აქამდე დამნაშავე უნდა დასჯილიყო, თუმცა მგონი სასამართლო ამ მიმართულებით არ მიდის“, - განაცხადა აქციის მონაწილე იათამზე რაუშვილმა.

ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შემდეგ უკვე 3 წელი გავიდა, თუმცა პასუხისმგებელი პირები ამ დრომდე გამოვლენილი არ არის. დაზარალებულების განცხადებით, ისინი აქციებს ზარალის ანაზღაურებამდე არ შეწყვეტენ.

„ჩვენი მოთხოვნა იქნება უცვლელი, არ შევწყვეტთ აქციებს. საქმის  მეორე მხარე იმას რომ გვეუბნება, თქვენ ნაციონალები ხართო, არა ვარ ნაციონალი, მისი ამომრჩეველი ვარ და ვნანობ უკვე ისე ვარ“, - აცხადებს აქციის მონაწილე, ნატო სალაყაია.

დაზარალებულების ადვოკატი გამოძიების გაჭიანურებაში ხელისუფლებას და პროკურატურას ადანაშაულებს.

„პროკურატურა, ხელისუფლება ხელს აფარებს დამნაშავეებს. სასამართლო შეგნებულად ჭიანურდება. არ მოხდა იმ ადამიანების დაკავება, ვინც გადაწვა, თავი და თავი და ამ ხალხის უბედურების არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის ნება რომ ყოფილიყო, დღემდე დადგენილი და გამოძიებული იქნებოდა ეს საქმე“, - განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.

დღის ამბები