გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველისციხის ინციდენტის დროს დაკავებული სამი ბრალდებული მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საუბარია ველისციხეში, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის ცემის ფაქტზე.
დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვლოდა, მოსამართლემ გაითვალისწინა და გოჩა მაისურაძეს, თენგიზ ჯანიაშვილს და მამუკა უსინაშვილს 3-3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროცესზე ადვოკატებმა ყველა მტკიცებულება უდავოდ სცნეს, რის შედეგადაც, მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი სასჯელი გამოიყენა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ბატონმა თენგიზ ჯანიაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სცნო დამნაშავედ და საქმეში წარმოდგენილი მასალები გახადა უდავოდ. მხარი დაუჭირა ჩვენს შუამდგომლობას ბრალდების მხარემ, სასამართლომ იხელმძღვანელა კანონის გათვალისწინებით ყველა იმ მოთხოვნებით და გაათავისუფლა ისინი პატიმრობისგან და შეეფარდათ გირაო“ - ამბობს თენგიზ ჯანიაშვილის ადვოკატი.
გოჩა მაისურაძეს, თენგიზ ჯანიაშვილს და მამუკა უსინაშვილს გამოძიება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, შოთა დალაქიშვილის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებოდა. ისინი 2018 წლის 18 დეკემბერს დააკავეს.