17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
პოლიციის მანქანის გატაცება არასრულწლოვნის მიერ - "კურიერმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია 

პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებულ 17 წლის მოზარდს ბრალს დღეს წაუყენებენ. ის გორში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. „კურიერმა“ გორში მომხდარი ამბის კიდევ ერთი ვერსიის შესახებ შეიტყო. “რუსთავი 2"-ის ცნობით, პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი დააკავა და მანქანაში ჩასვა. 

ვერსიის თანახმად, სამართალდამცველები გურამიშვილის ქუჩაზე გაჩერდნენ, მძღოლი ავტომობილიდან გადავიდა, ახალგაზრდა კი საჭესთან აღმოჩნდა და მანქანა გაიტაცა. ავტომაგისტრალზე მიმავალს კი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.

უწყების ოფიციალური ინფორმაციით, შსს-ის თანამშრომლები გურამიშვილის ქუჩა ოპერატიულ ღონისძიებას ატარებდნენ, ავტომობილი მძღოლის გარეშე იყო დატოვებული, რა დროსაც მოზარდი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

დაკავებულის დედა „კურიერთან“ ჰყვება, რომ სამართალდამცველები მის შვილს სხვადასხვა სახის პრობლემას ხშირად უქმნიდნენ. მისი ინფორმაციით, ავტომობილის გამტაცებელს აღწერილობის თანახმად, ჯინსის შარვალი ეცვა. არასრულწლოვნის დედის თქმით კი, მის შვილს დანაშაულის ჩადენის დღეს სულ სხვა ტიპის ტანისამოსი ეცვა. მოზარდის დედა შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს.

„უთხრეს, რომ შენ 18-ის რომ გახდებიო, მაინც დაგიჭერთო. ძალიან გადამტერებულები არიან. რაც ბავშვი ბიჭობაში შევიდა, სულ სპორტულებით დადის იმიტომ, რომ სულ მე ვყიდულობ და ვიცი, რასაც იცვამს. დარწმუნებული ვარ, რომ მას ჯინსის შარვალი არასოდეს სცმია. გუშინაც სპორტულები ეცვა იმიტომ, რომ მე თითონ ვყიდულობ ყველაფერს და ვიცი, რა აქვს და რა არა,“ - განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.

არასრულწლოვნის ახლობელმა, რომლის სახლშიც მოზარდი დააკავეს, დღეს დილით განაცხადა, რომ მოზარდი 20-მდე პოლიციელმა აიყვანა. მან სამართალდამცველების მიერ ნაამბობი "რუსთავი 2"-თან დეტალურად გაიხსენა. როგორც ის ამბობს, თქვეს, რომ 17 წლის მოზარდმა გაიტაცა საპატრულოს მანქანა, სადაც ორი პოლიციელი იჯდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები