„რუსთავი 2-ის" მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“ წლის საუკეთესო მუსიკალური ტელეპროექტია. სამაუწყებლო კომპანია ერთ-ერთია იმ გამარჯვებულებს შორის, რომლებიც „ოქროს ტალღამ“ გამოავლინა.
„მიხარია, რომ დაგვაფასეს უკვე მეორედ. მე მგონია, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ არხისთვის კი არა, ქვეყნისთვის. იმღერეთ ქართულად. იმღერეთ და გააოცეთ სამყარო. ჩვენ ამაში დაგეხმარებით,“ - განაცხადა „რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი - სტეფანე მღებრიშვილი გახდა, საუკეთესო მომღერალი ქალი - მაკა ზამბახიძე, წლის სიმღერის ნომინაციაში კი ანრი ჯოხაძემ გაიმარჯვა.
ცერემონია კანადელმა შემსრულებელმა მარკ მარ-ტელმა გააფორმა, რომელიც „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარი იყო.
წლევანდელი ღონისძიება ლეგენდარულ „ქვინს“ მიეძღვნა. რადიო-ჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ დაფუძნებული მუსიკალური დაჯილდოება "ოქროს ტალღა" წელს მეექვსედ გაიმართა.