დავით გარეჯი საქართველოა - ამ ლოზუნგით „გარეჯობა“ 2019 მხედრული დროშების, დოღისა და მსვლელობის ფონზე დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები, დღეს დავით გარეჯის ტერიტორიაზე, სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ და აპირებენ, მივიდნენ უდაბნოს მონასტერთანაც.
30 მაისის შემდეგ უდაბნოს მონასტერში მისასვლელად მომლოცველებისთვის შეზღუდვები ისევ არის დაწესებული, თუმცა დღეს ყველა მისასვლელი გახსნილია და ქართველ და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორია თავისუფლად დაათვალიერონ.
„დღეს მამები ავიდნენ დილით და მიმდინარეობს წირვა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც არ გვიშვებენ. დღეს თავისუფლად შეიძლება ასვლა, თუმცა 30 მაისიდან შეზღუდულია გადაადგილება. გზის სამუშაოები შეჩერებულია, იქ არაფერი არ გრძელდება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ცალსახად იძახიან, რომ ეს არის მათი ტერიტორია“, - აცხადებს ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი.
დავით გარეჯში ცხენოსნები, რომლებიც დოღს გამართავენ, სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ. მათი განცხადებით, გარეჯში დოღის გამართვა ერთგვარი პროტესტია იმ პოზიციის გამოსახატად, რომ დავით გარეჯი საქართველოა და ამაში სადავო არაფერია.
„დავით გარეჯი საქართველოა და ჩვენ გვჭირდება ეს ქვეყანა. ყველა მხრიდან უნდა ვიაქტიუროთ. ცხენებით გადმოვლახეთ ამხელა უდაბნო, გუშინ მთელი დღე ვიმგზავრეთ. რთული გზა ავირჩიეთ ტაძრამდე. ეს ჩვენი სამშობლოა, ეს არის ჩემი ტკივილი და ეს არის ჩემი სამშობლო“, - ამბობს დავით შალათაშვილი.
მომლოცველების ჯგუფები გარეჯის ტერიტორიაზე დილიდან ჩადის. შინაგან საქმეთა სამინსიტრომ უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ადგილზე საპოლიციო ძალების რაოდენობა გაზარდა.