17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
4 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან და ვერეს ხეობაში არსებული მშენებლობები - კალაძე ტრაგედიის ადგილზე მივიდა

4 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა. ტრაგედიის ადგილზე, სტიქიის დროს დაზარალებულები და დედაქალაქის მთავრობის წევრები შეიკრიბნენ. 13 ივნისის მემორიალთან მივიდნენ ის მაშველებიც, რომლებსაც, ტრაგედიის ღამეს, ადიდებული მდინარეებიდან ადამიანები სიცოცხლის რისკის ფასად გამოჰყავდათ.

გარდაცვლილთა პანაშვიდს დედაქალაქის მერი კახი კალაძე დაესწრო. კალაძის განცხადებით, მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად მერიამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. კალაძის თქმით, ვერეს ხეობაში არსებობს ისეთი ადგილები, სადაც მშენებლობა სრულად დასაშვებია, თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც გარკვეული რისკის შემცველია. ასეთია სვანიძის ქუჩაზე მშენებარე სასტუმრო, რომელიც მდინარეს გადმოჰყურებს. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია და მერიას მის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ აქვს.

„თვითონ სამუშაოებს რაც შეეხება, მას შემდეგ იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან თუ რა უნდა გაკეთებულიყო. ეს იყო საალარმე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ეს იყო ცხაურები, კონკრეტული ლოკაციები იყო მოცემული, რომელიც ინფრასტრუქტურის  სამინისტრომ გააკეთა. ანუ ყველაფერი ის, რაც იყო რეკომენდირებული, რეკომენდაციები გაცემული, ყველაფერი არის გაკეთებული. ვერეს ხეობაში გვაქვს ისეთი ადგილები, რომლებიც პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა არის ისეთი  მონაკვეთები, რომელიც განვითარებისთვის, მშენებლობისთვის არის საშიში და ჩვენ იქ ვერ გავცემთ და არ გავცემთ მშენებლობის ნებართვას,“- განაცხადა კალაძემ.  

კიდევ ერთ საფრთხეზე, ამჯერად ჟვანიას ქუჩაზე შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრობს, დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდელაძე. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობა შეჩერდა, ეს არ არის საკმარისი და გარკვეული რისკები მაინც არსებობს. გოდოლაძე საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ეს არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ ამ ქალაქს სჭირდება პოლიტიკა განაშენიანების და ინფრასტრუქტურის კუთხით. სწორი პოლიტიკა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სწორ კვლევებს და ფუნდამენტურ კვლევებს, ვთქვათ, დარაიონების, მიკრო სეისმური დარაიონების კუთხით. ეს რას ნიშნავს? უნდა ვიცოდეთ სად ვაშენებთ და რას ვაშენებთ პირველ რიგში.  ეს არის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უნდა მოწესრიგდეს და, ვთქვათ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიტყოდი ხაზგასმით, რომ უნდა გადაიხედოს ამ კუთხით საკადრო პოლიტიკა,“- განაცხადა   თეა გოდოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისი ღამეს წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია დიდი წყალდიდობა, რომელმაც თითქმის მთლიანი ვერეს ხეობა დატბორა. ტრაგედიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი კი, კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დღის ამბები