ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი საქმესთან დაკავშირებული ზედამხედველი პროკურორების გამოკითხვას ითხოვს. ზურაბ თოდუა პროკურორებისგან, განმარტებებს ითხოვს იურის სუსლიაკთან განხორციელებულ ზართან დაკავშირებით, რომელიც დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო გარიგების შეთანხმებას ეხებოდა. თოდუამ გენერალურ პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართა. გარდა ამისა, სუსლიაკის უფლებადამცველს აინტერესებს, რა მოსაზრებით არის მის მიერ წარდგენილი საჩივრები ხანგრძლივი დროის განმავლობაში რეაგირების გარეშე. ადვოკატი საქართველოს გენერალური პროკურატურისგან გამოძიების დაწყებასაც ითხოვს.
უფლებადამცველი სუსლიაკის მიმართ არასათანადო მოპყრობაზეც საუბრობს. თოდუა ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით, იულია სუსლიაკის საპატიმრო საკანში, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პატიმარი მოათავსეს.
„ ვითხოვ რეაგირებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ. ეს არის, ერთი, მასზე არასათანადო მოპყრობა საპატიმრო დაწესებულებაში, რომელსაც ჰქონდა ადგილი 27, 28 და 29 მაისს და ასევე, იმ სატელეფონო ზარის ირგვლივ, რომელიც იულია სუსლიაკის მიმართ, სადაც სთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმებას, რაც არის ჩემი ღრმა რწმენით საპროცესო კანონმდებლობის და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა და ამაზე ვითხოვ გამოძიების დაწყებას,“- განაცხადა ადვოკატმა.
ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინელი ქალის ადვოკატი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ადასტურებს. ის კონკრეტულ პროკურორებს ასახელებს, რომელთაც თოდუას მტკიცებით, არარსებული საქმე შეთხზეს. ადვოკატი ირწმუნება, რომ პროკურორების აღნიშნული საქმით თავის წარმოჩენა სურდათ - თითქოს მათ საერთაშორისო მნიშვნელობის საქმე გახსნეს.
„ლოგიკურად რომ გავაანალიზოთ მთლიანი მასალა და საერთოდ მთელი ისტორია ამ საქმის, დიდი ვარაუდით მაძლევს დასაბუთებული ვარაუდის გამოთქმას, რომ ამით დაინტერესებულები უნდა იყვნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის უფროსი პროკურორი ქალბატონი თეა გიორგაძე, ასევე უფროსი პროკურორი მარიამ გოგორელიანი, რამეთუ სწორედ ამ ორი ადამიანის მიერ არის შეთხზული ეს ბრალი, რომ თითქოს იულია სუსლიაკმა სადღაც იყიდა ეს ბავშვები, შემდეგ სადღაც ამერიკაში იყიდა, შემდეგ სადღაც რუსეთში გაყიდა და ბოლოს, სადღაც კიდევ აფხაზეთში გაყიდვას აპირებდა, რომელიც არ დადასტურდა დღეის მდგომარეობით არანაირი მტკიცებულებით. მით უფრო რომ თავიანთი ჩატარებული საექსპერტო დასკვნით დადგინდა, რომ ბიოლოგიური დედა არის ოთხივესი, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა. ასევე, დადგინდა, რომ უკრაინაში არანაირი სამართალწარმოება მათ მიმართ არ მიმდინარეობს და ასევე დადგინდა, რომ ის დოკუმენტები, რომლებიც წარმოდგენილი არის სრულიად ნამდვილი და არანაირი ყალბი დოკუმენტი არ არის, ესეც ექსპერტიზის დასკვნით არის დადგენილი,“- განაცხადა ზურაბ თოდუამ.