ტრანსგენდერები „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება, ტრანსგენდერი თემის წარმომადგენელმა გაბრიელა რომანოვამ გააკეთა.
მისი განმარტებით, „თბილისი პრაიდის“ დაანონსების შემდეგ სექსმუშაკი ტრანსგენდერების მიმართ თავდასხმები გახშირდა, მათ შორის სამართალდამცავების მხრიდანაც. რომანოვას თქმით, მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის და აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მათ დაუცველობის შეგრძნებას ვერ შეუმსუბუქებს.
„არ ვუერთდებით წლევანდელი „თბილის პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს. ამავდროულად მივმართავთ შსს და მოვითხოვთ, ივნისის თვეში ჩვენზე გახშირებული თავდასხმების გამო დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები. „პრაიდის“ დაანონსების შემდეგ თავდასხმებმა სექს სამუშაოში ჩართულ ტრანსგენდერ ქალებზე სისტემატიური ხასიათი მიიღო. მაგალითად, ჩემს მეგობარს, ტრანსგენდერს, ნატალია ტალიკიშვილს დაესხნენ თავს, პოლიციის თანამშრომელი სხვათა შორის, და პირდაპირ, ასე ვთქვათ, მიაყენა შეურაცხყოფები. აკავებდნენ, უბრალოდ, ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი და მაგის გამო ვეღარ დააკავეს და პირდაპირ უთხრეს, რომ „პრაიდზე“ რომ დაგინახოთ სადმე არავის არ დაგიცავთო,“- განაცხადა გაბრიელა რომანოვამ.