17 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
„ჩემი მიზანია, თემირლანის მიმართ ჩადენილი დანაშაულით ეს სისტემა ჩამოვშალო“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმოწერების კამპანის ოპოზიცია უერთდება. პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემრილან მაჩალიკაშვილის მამამ, ხელმოწერების შეგროვება დროებითი საგამოძიებო კომისიის შემქნის მოთხოვნით, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაიწყო. რუსთაველის გამზირზე უკვე 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

რუსთაველის გამზირზე დღეს გაერთიანებული ოპოზიცის თბილისის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ და საკუთარი მხარდაჭერა ხელმოწერებით დააფიქსირეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ისინი ხელმოწერებით, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების მიმართ პროტესტს გამოხატავენ, რადგან უკვე 2 წელია, პასუხი არ გაეცა კითხვას, სპეცოპერაციის დროს, რომელსაც 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, სახელმწიფომ გამოიყენა თუ არა გადამეტებული ძალა.

„დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის მთავარი მოკავშირე გახლავთ კრიმინალი და ამ ხელისუფლების პირობებში მალხაზ მაჩალიკაშვილს ძალიან გაუჭირდება სიმართლის პოვნა. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტა დრო დარჩა იქამდე, როდესაც სიმართლე აღდგება და ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში ბატონ მალხაზს. ეს ხელმოწერები სწორედ იმას ემსახურება, რომ ვაიძულოთ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში“,  - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხალხის მხარდაჭერით ხელისუფლება იძულებული გახდება, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნას და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცეს.  

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამათ უნდათ, თუ არა, ამ კომისიას შექმნიან და ჩემთან ვინც დგას, ყველა ამ ადამიანის შეკითხვას პასუხს გასცემენ და ყველა დამნაშავე დაისჯება. ჩემი მიზანია, რომ თემირლანის მიმართ ჩადენილი დანაშაულით ეს სისტემა ჩამოვშალო მთლიანად და მე ამას მივაღწევ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

დღის ამბები